მღვდელმთავარი ვახტანგი (ერისკაცობაში გიორგი ლიპარტელიანი) წმინდა სინოდის ერთ-ერთი წევრი და ნიკორწმინდის ეპისკოპოსია. იგი მღვდლად 2009 წელს აკურთხეს და მალევე მოსკოვში, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში წარგზავნეს, სადაც 6 წელი მსახურობდა. 2015 წელს საქართველოში დაბრუნებული ეპისკოპოსი ნიკორწმინდის ეპარქიის მღვდელმთავრად აირჩიეს.
ეპისკოპოსი ვახტანგი ნიკორწმინდის ეპარქიის განვითარების ფონდში თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს, თუმცა არასამეწარმეო საქმიანობაზე მეტად ფლანგვის დეტექტორი ეპისკოპოსის საერთაშორისო ბიზნესმა და კავშირებმა დააინტერესა.
ეპისკოპოსი ვახტანგი ერთ-ერთია მღვდელმთავართაგან, რომელთა ქონებაც მღვდელმსახურების განმავლობაში გაიზარდა. ამ პერიოდში მის სახელზე არა ერთი უძრავი ქონება დარეგისტრირდა. ქონების ძირითადი ნაწილი მას ოჯახის წევრებისა და სხვა პირებისგან ჩუქების საფუძველზე გადაეცა. საჯარო რეესტრში ნიკორწმინდის ეპისკოპოსის აქტიური ბიზნესსაქმიანობაც ჩანს. იგი წილებს ფლობს ორ კომპანიაში (შპს ევრომოტორსი და შპს ბარაკონი) და 2015 წლიდან ხელმძღვანელობს კოოპერატივს სახელწოდებით “რკ ჭელიში”, თუმცა მისი ბიზნესი საქართველოთი არ შემოიფარგლება – ეპისკოპოსის სახელი რუსული საჯარო რეესტრის ამონაწერებშიც გვხვდება.

“კურთხეული ღვინო”
კომპანიების შესწავლის პროცესში, ჩვენი ყურადღება შპს ბარაკონის საქმიანობამ და მისმა მფლობელობითმა სტრუქტურამ მიიქცია. მოსკოვში 6-წლიანი მსახურებისას ეპისკოპოსმა, მრევლის გარდა, ბიზნესპარტნიორებიც შეიძინა. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ეპისკოპისი ვახტანგის ბიზნესპარტნიორებს შორის მოსკოვის ელიტისთვის ფართოდ ცნობილი, ქართული წარმომავლობის რუსი მილიონერი ფიგურირებს.
შპს ბარაკონი 2016 წელს ეპისკოპოსმა ვახტანგმა (90%) და გიორგი ღვინეფაძემ (10%) დააფუძნეს, თუმცა დღეს კომპანიას უკვე 4 მესაკუთრე ჰყავს. “ბარაკონის” დაფუძნებიდან მალევე, ეპისკოპოსმა ღვინის კომპანიის წილები ორ ახალ პარტნიორს – გიორგი ჭუმბურიძესა (20%) და მაიზერ გუგავას (15%) – უსასყიდლოდ გადასცა. მაიზერ გუგავა კომპანიის იურიდიული მისამართის მესაკუთრეა. ნაკვეთი და ზედ განთავსებული შენობა-ნაგებობები გუგავამ 2017 წლის 13 იანვარს იყიდა (მანამდე მიწის მოიჯარე ეპისკოპოსი ვახტანგი იყო). კიდევ უფრო საინტერესოა მეორე ახალი მეწილე, გიორგი ჭუმბურიძე, რომელიც რუსულ მედიისთვის ნაცნობი პიროვნებაა. იგი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ელიტურ შეკრებებსა თუ ღონისძიებებში და რუსეთში გარკვეული გავლენითაც სარგებლობს.
ჩვენ ეპისკოპოს ვახტანგს ტელეფონით დავუკავშირდით და ვკითხეთ, რატომ გადასცა ბარაკონის წილი გიორგი ჭუმბურიძეს უსასყიდლოდ. ეპისკოპოსმა გვიპასუხა, რომ კომპანიის სახელით სახელმწიფო პროგრამაში, “აწარმოე საქართველოში” მონაწილეობა სურდათ, თუმცა არ უმონაწილიათ და ამჟამად კომპანია არააქტიურია. რაც შეეხება გიორგი ჭუმბურიძისათვის წილების გადაცემას, ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ გიორგი ჭუმბურიძეს უბრალოდ მისი დახმარება უნდოდა.
ეპისკოპოსი ვახტანგისთვის მეღვინეობა სიახლე არ არის. 2019 წელს ინტერვიუში იგი ამბობს, რომ ეკლესიის მსახურებაში ღვინოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და რომ ეპარქია ცდილობს ნიკორწმინდაში ტრადიციული ღვინის წარმოება ააღორძინოს, რისთვისაც საჭირო ნაბიჯებს დგამენ: “ნიკორწმინდის ეპარქიის ყველა მღდელთმსახური, ვინც მსახურობს ეპარქიაში განსაკუთრებული თრთოლვით და განსაკუთრებული სიყვარულით ევლება ვენახს და ღვინის წარმოებას, რამეთუ მათ ყოველივე გააჩნიათ არის ვენახი და შეიძლება ესე ვთქვათ, რომ დაფოფინებს და დატრიალებს ამ ვენახებს და ღვინოს წარმოებას…” – ამბობს ეპისკოპოსი.
კომპანიის ახალი პარტნიორების გარდა, ეპისკოპოსის ბიზნესსაქმიანობა ინტერესს იმსახურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავარაუდო ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის გამოც. ჩანაწერების მიხედვით – “ვახტანგ ეპისკოპოსს დაუკავშირდა ა(ა)იპ კავშირი 21-ე საუკუნის დირექტორი, პაატა გაჩეჩილაძე და აცნობა, რომ რუსეთის ფედერაციაში სურს ქართული ღვინის ექსპორტი და დაინტერესების შემთხვევაში, საცდელად გააგზავნის [ეპისკოპოს ვახტანგ] ლიპარტელიანის მიერ ჩამოსმული 3 სახეობის ღვინოს, შემდგომში დიდი რაოდენობით რეალიზაციის პერსპექტივით, რაზეც ლიპარტელიანმა თანხმობა განაცხადა”.
ა(ა) იპ კავშირი 21-ე საუკუნის დირექტორი 2019 წლიდან დღემდე მართლაც პაატა გაჩეჩილაძე არის. იგი ფლობს კომპანიას შპს ვაინს მენს, რომელიც ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოების, დისტრიბუციისა და ექსპორტის საქმეშია ჩაბმული. ეს ფაქტი დამატებით დამაჯერებლობას სძენს ჩანაწერის შინაარსს, რომლის თანახმადაც პაატა გაჩეჩილაძემ ეპისკოპოსს რუსეთში ღვინის შეტანა შესთავაზა.
სატრეპაზო თუ რესტორანი?
ეპისკოპოს ვახტანგს რუსეთთან მხოლოდ რუსი მილიონერი არ აკავშირებს. ეპისკოპოსი ვახტანგი მოსკოვის წმინდა გიორგის ტაძარში დაახლოებით 6 წელი მსახურობდა.
2016 წელს ეპისკოპოსმა ვახტანგმა სხვებთან ერთად “მართლმადიდებლური ქველმოქმედების აღორძინების და დიდმოწამე გიორგი გამარჯვებულის ეკლესიის აღდგენის ქართველთა ფონდი” (ФОНД ВОЗРОЖДЕНИЯ ПРАВОСЛАВНОЙ БЛАГОТВОРИТЕЛЬНОСТИ И ВОССТАНОВЛЕНИЯ ХРАМА ВЕЛИКОМУЧЕНИКА ГЕОРГИЯ ПОБЕДОНОСЦА В ГРУЗИНАХ) დააფუძნა. დამფუძნებელთა სიაში ვხდებით ტაძრის ხელმძღვანელს ფედორ კრეჩეტოვს, ქართული გვარის მქონე რუს სასულიერო პირს, მირონ კანთელაძეს და ირაკლი გურეშიძეს. რუსული საეკლესიო მედიის ცნობით, 2010 წელს ტაძრის ხელმძღვანელად ირაკლი გურეშიძე იყო დანიშნული.
რუსული საჯარო რეესტრის მიხედვით, ფონდი რამდენიმე სფეროში საქმიანობს. მათ შორის ყველაზე საინტერესოა 2016 წელს მიღებული სავაჭრო ნიშანი “ Георгиевское Подворье”, რომელსაც ფონდი 2016-2020 წლებში ფლობდა. ამ სავაჭრო ნიშნით კომპანიას გასტრონომიული საქმიანობის დაწყების შესაძლებლობა მიეცა. სავაჭრო ნიშნის მიღების შემდეგ, 2016 წელს, იგივე სახელწოდებით მოსკოვის წმ. გიორგის ტაძრის ეზოში ქართული რესტორანი გაიხსნა, რომლის დირექტორი და მფლობელიც ასევე ფონდის პარტნიორი ირაკლი გურეშიძეა.
ეკლესიის ეზოში გახსნილმა რესტორანმა მალევე მიიპყრო ადგილობრივი საზოგადოების ყურადღება და ერთ-ერთი შემოსავლიანი ადგილი გახდა. ეპისკოპოსის როლი რესტორნის გახსნასა და ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა. ეპისკოპოსი ვახტანგის, ირაკლი გურეშიძესა და რუსეთში ქართველთა კავშირის ძალისხმევით ტაძარი რესტავრირდა და მის ეზოში მდგომი შენობა ქართულ საცხობად, კაფედ და შემდგომში რესტორნად გადაკეთდა.
მედიაში გარცელებული ცნობით რესტორანი ეკლესიის შემოსავლის მთავარი წყაროა. ამას მოწმობს რესტორნის მაღაზიაში გამოკრული წარწერა, რომლის თანახმადაც ქართული პროდუქციის შეძენისას გადახდილი თანხა მთლიანად მონასტერს მოხმარდება. თუმცა, როგორც ადგილობრივი მრევლი აცხადებს, შემოსავალი აღნიშნული დაწესებულებიდან მონასტერს არ ხმარდება.
ეპისკოპოსი ვახტანგი მოსკოვის მონასტერში წამოწყებულ ბიზნესთან საქართველოში დაბრუნების შემდეგაც არ კარგავს კავშირს, რასაც რესტორნის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მოწმობს. რესტორნის დირექტორი ირაკლი გურეშიძე ამბობს, რომ ის გეგმავს პარტნიორობას ეპისკოპოს ვახტანგთან და ნიკორწმინდის ეპარქიასთან.
როგორც ზევით აღვნიშნეთ, 2020 წლამდე ფონდი ფლობდა რესტორნის სასაქონლო ნიშანს “ Георгиевское Подворь”. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო ნიშნით სარგებლობის უფლება შპს “გეოპოდზე” იყო გადაცემული. ტაძრის ეზოში გახსნილ რესტორანს სწორედ ეს კომპანია მართავდა. ამ ფაქტიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ ფონდი სასაქონლო ნიშნის სარგებლობის უფლების გადაცემით იღებდა შემოსავალს. ირაკლი გურეშიძე იყო ერთდროულად ფონდის წევრი, რესტორნის დირექტორი და რესტორნის მმართველი კომპანიის წარმომადგენელი.
ამ შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ 2016-დან 2020 წლამდე რესტორნიდან მიღებული შესავალი ფონდის პარტნიორებზე, მათ შორის ეპისკოპოს ვახტანგზეც ნაწილდებოდა.
წმ. გიორგის მონასტრის ფონდის ამონაწერში, ეპისკოპოსის სახელი 2016-2021-ში ფიქსირდება.
ეპისკოპოსის რუსული ბიზნესი ნახსენებია სუს-ის სავარაუდო ჩანაწერებშიც. საჯაროდ გამოქვეყნებულ ფაილებში ვკითხულობთ, რომ ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი მოსკოვის წმ. გიორგის მონასტრის მიმდებარედ რამდენიმე მაღაზიასა და ბიზნესს ფლობს. მაღაზია ნამდვილად მდებარეობს მონასტრის არა თუ მახლობლად, არამედ პირდაპირ ეზოში, სადაც სხვადასხვა ქართული პროდუქტი იყიდება.
საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაციით რთულია იმის დადგენა, კონკრეტულად რა შემოსავალს იღებდა ფონდი და მათ შორის ეპისკოპოსი ვახტანგი რესტორნის საქმიანობიდან. თუმცა ის ფაქტი, რომ რესტორნის მესაკუთრე ეპისკოპოს ვახტანგთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს და ხაზს უსვამს მის წვლილს რესტორნის ფუნქციონირებაში, გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ტაძრის ეზოში აშენებული რესტორანი ორმხრივად სასარგებლო ბიზნესია.
ამ თემაზე მუშაობის პროცესში დავუკავშირდით ეპისკოს ვახტანგს, რომელსაც ვესაუბრეთ აღნიშნულ ბიზნესთან დაკავშირებით. ეპისკოპოსის თქმით, მოსკოვის წმ. გიორგის ეკლესიაში გახსნილი ობიექტი არ არის რესტორანი, არამედ სატრაპეზო, რომელიც კომერციულ საქმიანობას ეწეოდა.
ამასთანავე ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ სატრაპეზოს კომერციული საქმიანობის მიზანი იყო ეკლესიას საკუთარი თავი თავად დაეფინანსებინა და მხოლოდ შემომწირველებზე არ ყოფილიყო დამოკიდებული. აქვე აღნიშნა, რომ სატრაპეზო მართლაც იძლეოდა შემოსავალს, რომელიც აფინანსებდა ეკლესიას, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სატრაპეზო კომერციულად წარმატებული იყო. რაც შეეხება ეპისკოპოსის მონაწილეობას ფონდის საქმიანობაში, მეუფემ აღნიშნა, რომ ფონდის შექმნის მიზანი საქველმოქმედო იყო, რათა წმ. გიორგის ეკლესიას დახმარებოდა. მისი თქმით, ფონდის საქმიანობიდან არანაირი შემოსავალი არ მიუღია. ეპისკოპოს ვახტანგს კითხვები დავუსვით მოსკოვის წმ. გიორგის ეკლესიასა და სატრაპეზოსთან მის ამჟამინდელ კავშირებზეც. თუმცა როგორც ეპისკოპოსმა აღნიშნა, რუსეთიდან წამოსვლის შემდეგ წმ.გიორგის ეკლესიასთან კავშირი გაწყვიტა.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ეპისკოპოსი უარყოფს საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოსკოვის წმ. გიორგის ეკლესიის ფონდთან და რესტორანთან კავშირს, კითხვებს ბადებს, რატომ ჩნდება მისი სახელი 2016 წლის ფონდის ამონაწერში - ზუსტად მაშინ, როდესაც რესტორან-სატრაპეზოს საქმიანობა ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის.

ბიზნესსაქმიანობა, კანონიკური წესები და საფრთხეები
რამდენად თავსებადია სასულიერო პირების ბიზნესსაქმიანობა კანონიკურ წესებთან? ამ და სხვა კითხვებით "ტაბულას" მთავარ რედაქტორსა და რელიგიის მიმომხილველს, ლევან სუთიძეს მივმართეთ.
როგორც ლევან სუთიძე აღნიშნავს, არ არსებობს კანონიკური ნორმა, რომელიც ეპისკოპოსს ბიზნესსაქმიანობას უკრძალავს, თუმცა გააჩნია ბიზნესის შინაარსს. ამავდროულად, არსებობს მორალური თემაც. მორალური თემა კი ის არის, რომ ბიზნესიდან შემოსული თანხა ეკლესიამ სოციალური, საქველმოქმედი მიზნებისთვის უნდა გასცეს. “მეც პირადად პრობლემა არ მგონია, თუ შენ რაღაცა ლეგიტიმურ ბიზნესსაქმიანობას ეწევი და ამ ფულით შემდეგ მრევლს ეხმარები, ან გაჭირვებულებს”.
ლევან სუთიძეს ასევე ვკითხეთ ეპისკოპოსი ვახტანგის შესახებ. მისი თქმით, ეპისკოპოსი ეკლესიაში გამორჩეულად პრორუსულ პირად მიიჩნევა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქართველოდან რუსეთში სწორედ ვახტანგ ეპისკოპოსი იყო წარგზავნილი. ქართული სამრევლო მოსკოვის და არა საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია იქ მყოფი ქართველი მღვდელიც. ბუნებრივია, რომ რუსეთის საპატრიარქო ისეთს არავის მიიღებს, ვინც ანტირუსული პოზიციებით გამოირჩევა.
ლევან სუთიძის თქმით, არსებული გეოპოლიტიკურ სიტუაციის და იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც რუსეთის საპატრიარქო სჩადის აფხაზეთსა და ოსეთში, ნებისმიერი სულიერი თუ მატერიალური კავშირი რუსეთის საპატრიარქოსთან კატასტროფულად მიუღებელია.
რაც შეეხება ვახტანგ ეპისკოპოსის შესაძლო ბიზნესსაქმიანობას მოსკოვში, ამასთან დაკავშირებით ლევან სუთიძე მიიჩნევს, რომ რუსეთში რესტორნებისა ან საეკლესიო ბიზნესის არსებობა ფულის გათეთრებისა და შემოტანის რისკებს შეიცავს და ამავდროულად, ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ეკლესიის არაპირდაპირ დაფინანსების რისკებს აჩენს.
ფლანგვის დეტექტორი შეეცადა ეპისკოპოსი ვახტანგის ბიზნესსაქმიანობასა და მის რუსულ კავშირებზე ამომწურავი ინფორმაცია მოეძიებინა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ეპისკოპოსი ბიზნესსაქმიანობას არ ადასტურებს, რუსულ ბიზნესრეესტრში მისი სახელი დამატებით ეჭვებს აჩენს მის კავშირზე წმ. გიორგის ეკლესიასა და მის კომერციალიზებულ სატრაპეზოსთან. ჰიბრიდული ომის პირობებში, ქართველი სამღვდელო პირების შესაძლო კავშირები რუსულ ეკლესიასთან და მის წიაღში არსებულ ბიზნესებთან ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს. თუმცა ეს რისკები და საფრთხეები მკითხველმა უნდა შეაფასოს.
