ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს უკვე წარუდგინა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის საკომიტეტო მოსმენებზე განხილვა დაწყებულია.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით იზრდება სამინისტროებისა და სსიპ-ების საბიუჯეტო დაფინანსებები და მათში დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგოები.
ბიუჯეტი 21,153,971,800 ლარით განისაზღვრა, აქედან საბიუჯეტო სახსრები არის 19,180,471,800 ლარი, გრანტი 44,790,000 მილიონი ლარი, კრედიტი კი - 1,928,710,000 ლარი.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასები 377,844,000 ლარით იზრდება, 2021 წელთან შედარებით კი - 557,500,800 ლარით.
ხელფასების ზრდის კუთხით, გამოსაყოფია მთავრობის ადმინისტრაცია, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დასაქმებულთა რაოდენობა იგივე - 227 ადამიანი რჩება, თუმცა იზრდება უწყების დაფინანსება 19,220,000 ლარიდან 22,000,000 ლარამდე და შესამჩნევად იზრდება შრომის ანაზღაურების ჯამური ოდენობაც 2022 წელთან შედარებით – 2,234,800 ლარით.
ასეთივე შესამჩნევია ზრდა საერთო სასამართლოებშიც - 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წლის ანალოგიური რჩება, თუმცა ანაზღაურებათა ჯამური ოდენობა 6,790,000 ლარით იზრდება.
2023 წლის პროექტის მიხედვით - 2022 წელთან შედარებით 31,300,000 ლარით იზრდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება, შრომის ანაზღაურებაში 19,497,000 ლარით მეტი დაიხარჯება.
გარდა სამინისტროების დაფინანსებისა, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით იზრდება სსიპ-ების დაფინანსებაც. 2023 წლიდან გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდებათ შემდეგ სსიპ-ებს: საჯარო სამსახურის ბიურო, იურიდიული დახმარების სამსახური, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო, საქსტატი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.
აღსანიშნავია, რომ ზევით ჩამოთვლილი სსიპ-ების დაფინანსების ჯამური ზრდა 2022 წელთან შედარებით 13,942,700 მილიონი ლარია.
მიმდინარე წელთან შედარებით, საბიუჯეტო დაფინანსება უმცირდებათ ქვეპროგრამებს: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა, იმუნიზაცია, C ჰეპატიტის მართვა, მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში.
წყარო:
2023 წლის ბიუჯეტის პროექტი