2019-2021 წლებში შსს-ში 288 მილიონის ლარის პრემია-დანამატები გასცეს, თუმცა 3 წელია, უსაფრთხო ქვეყნების სიაში უკუსვლა გვაქვს

ავტორები: სალომე კვირიკაშვილი/დავით მჟავანაძე

 

Global Peace Index-ში საქართველო 2022 წელს 95-ე პოზიციაზე 2.065 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველოს პოზიცია 9 პუნქტით გაუარესდა გასულ წელთან შედარებით. 2021 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველო 163 ქვეყანას შორის 86-ე ადგილზე იყო 2.016 ქულით. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის მონაცემებით საქართველოს პოზიცია მუდმივად უარესდება. (2020 წელი 82-ე ადგილი, 2021 - 86-ე ადგილი, 2022 - 95-ე ადგილი)

გლობალური მშვიდობის ინდექსი (GPI) ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) მიერ მომზადებული მშვიდობის მსოფლიო წამყვანი საზომია. ეს ანგარიში წარმოადგენს ყველაზე ყოვლისმომცველ მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს დღემდე მშვიდობის ტენდენციების, მისი ეკონომიკური ღირებულებისა და მშვიდობიანი საზოგადოებების განვითარების შესახებ.

ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელი ორგანოებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგან საქმეთა სამინისტროა. როგორც თავად სამინისტრო მიუთითებს, “სამინისტროს უმთავრესი მიზანია სამართალდარღვევათა რიცხვის შემცირება, მოქალაქეთა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა, მათი უფლებების დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტების შესაბამისად დაცვა.”

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხო ქვეყნების ინდექსში პოზიციების გაუარესების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შრომის ანაზღაურებაზე, ისევე როგორც პრემია-დანამატებზე დახარჯული თანხები წლიდან წლამდე იზრდება

2019 წელს შს სამინისტრომ შრომის ასანაზღაურებლად 471.5 მილიონი ლარი დახარჯა, საიდანაც 94.8 მილიონი ლარი პრემია-დანამატებს მოხმარდა. 2021 წელს კი შრომის ასანაზღაურებლად დახარჯული 526.5 მილიონი ლარიდან 100.5 მილიონი ლარი პრემია-დანამატების სახით გაიცა. 

 

შრომის ანაზრაურება/ მათგან დანამატების სახით/პრემიის სახით:

2019 - 471.5 / 86.9 / 7.9

2020 - 493.9 / 80.5 / 11.9

2021 - 526.5 / 90.2 / 10.3

 

ქვეყნის შიდა უსაფრთხოების პრობლემებზე გარკვეულ დანაშაულთა გახსნის პროცენტული მაჩვენებლებიც მიუთითებს. მაგალითად 2021 წლის მონაცემებით სულ 56,343  დანაშაული იქნა რეგისტრირებული, საიდანაც 49.82%, ანუ 28,068 დანაშაული გაიხსნა. 

მათგან აღსანიშნავია სიცოხლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულის სტატისტიკა. ამ მიმართულებით რეგისტრირებულ 2,078 დანაშაულიდან მხოლოდ 207 დანაშაული გახსნეს.

მაშინ როდესაც წლიდან წლამდე იზრდება საპოლიციო ძალების შრომის ანაზღაურება/პრემია-დანამატები და ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება ბიუჯეტიდან ამ სტრუქტურის შესანახად, უარასდება საქართველოს დემოკრატიის ხარისხი, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები და ანგარიშები მოწმობს.

მაგალითად: “Freedom House”-ის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი წინა წელთან შედარებით გაუარესდა და 58/100 ქულა შეადგინა, რაც საქართველოს ნაწილობრივ თავისუფალი/ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნების კატეგორიაში მოიაზრებს.

ორგანიზაციის ანგარიშში პირდაპირ წერია რამ გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში 2021 წელს, რის მკაფიო მაგალითებადაც მოყვანილია საპოლიციო ძალების მიერ ძალის გადამეტებისა თუ არაადეკვატური რეაგირების არაერთი შემთხვევა, კერძოდ:

გავლენიანი ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად 2021 წლის 5-6 ივლისს თბილისში, ჟურნალისტებზე და LGBT აქტივისტებზე განხორციელებული ძალადობის დროს, პოლიციამ მცირე და არაადეკვატური წინააღმდეგობა გაუწია ძალადობრივი აქციის მონაწილეებს, რის გამოც დაშავდა ათობით ჟურნალისტი, ოპერატორი, აქტივისტი, ხოლო ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მოგვიანებით გარდაიცვალა.

Freedom House აგრეთვე ეყრდნობა ომბუსმენის ანგარიშში გამოთქმეულ შეშფოთებას, რის თანახმადაც დაკავებისას ხშირია მოქალაქეებზე ძალადობა პოლიციელების მხრიდან და სამწუხაროდ არ არსებობს ამის კონტროლის ეფექტური მექანიზმი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელსაც ამის კონტროლი ფორმალურად ევალებოდა, მმართველმა პარტიამ 2021 წლის ბოლოს  გააუქმა, მის მიერ გამოვლენილი დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხის გამო.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ანგარიშში უარყოფითადაა შეფასებული პოლიციის ქმედებები ოჯახური ძალადობის ფაქტების მიმართ და რომ ხშირად პოლიციას არაადეკვატური, არასაკმარისი რეაქცია აქვს ამგვარ ფაქტებზე, რაც ცხადია ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას და მათი დაცულობის ხარისხს აუარესებს. 

როდესაც შსს-ზე, ამ სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ ნდობასა და მის ფუნქციონირებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია თავად უწყების ხელმძღვანელის დამოკიდებულება საზოგადოებისთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით. 

შეგვიძლია გავიხსენოთ არაერთი ფაქტი, როდესაც მინისტრი გომელაური ცინიკურად პასუხობდა ჟურნალისტების შეკითხვას ბადრი ესებუას ძებნის შესახებ, რომელმაც 2020 წელს ბანკში მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარის გამოსასყიდის მიღების შემდეგ ქვეყანა დატოვა. სამწუხაროდ ამ დანაშაულს გადამდები ეფექტიც ჰქონდა და მის შემდეგ არაერთი შემთხვევა დაფიქსრდა ბანკის ძარცვისა და მძევლების აყვანის.

აგრეთვე მნიშვნელოვანია ბრალდებები, რომლებიც გომელაურის წინააღმდეგ სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ - სოსო გოგაშვილმა გააჟღერა და რომელთა მიხედვითაც გომელაური 2017 წელს მინკსში რუსული სპეცსამსახურების გენერლებს შეხვდა. გოგაშვილის თქმით, რუსული და ქართული სპეცსამსახურები უკვე წლებია, შეთანხმებულად მოქმედებენ და მაგალითად, უზრუნველყოფენ იმას, რომ სანქცირებულმა რუსულმა ტვირთმა უპრობლემოდ გაიაროს საქართველოს საზღვარზე. ამის დასადასტურებლად გოგაშვილი მტკიცებულებებსაც წარმოადგენს, თუმცა ამაზე სახელმწიფო უწყებები რეაგირებას არ ახდენენ, ხოლო გომელაური გავრცელებულ ბრალდებებს კვლავ უარყოფს. 

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მაშინ როდესაც შსს-ში იზრდება შრომის ანაზღაურების ზოგადი მოცულობა, ჩანს, ეს არ ეხება რიგით კვალიფიციურ პოლიციელებს, რომლებიც დიდი რაოდენობით ტოვებენ სამსახურებს. როგორც რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ყოფილი პოლიციელები აღნიშნავენ, სამინისტროში ამჟამად 2,000 მდე განცხადებაა დაწერილი სამსახურიდან წასვლაზე, ხოლო დიდი ნაწილი უკვე ყოველგვარი განცხადების გარეშე ტოვებს და მიდის პოსტიდან. ამის მიზეზად ისინი ასახელებენ 1) სისტემის შიგნით თანამშრომლებზე წნეხის ზრდასა და განსხვავებული აზრის ჩაკვლას, 2) დაბალ ანაზღაურებას, რომელიც მაგალითად პოლიციის კაპიტნის შემთხვევაში თვეში 1,500 ლარს უდრის. ეს არასაკმარისი თანხაა ოჯახის შესანახად, განსაკუთრებით მიმდინარე ინფლაციისა და სოციალური ფონის გაუარესების პირობებში. 

წყარო:

  1. Global Peace Index https://bit.ly/3DLRuPA 

  2. დაფინანსება https://bit.ly/3LzH87z 

  3. დანაშაულის სტატისტიკა https://bit.ly/3dFi2aH 

  4. Freedom House https://bit.ly/3qZx6mr 

  5. სამინისტროს მიზნები/ამოცანები https://bit.ly/3LBztW2 

  6. რადიო თავისუფლება/ბადრი ესებუა https://bit.ly/3xJbE9m 

რადიო თავისუფლება/სოსო გოგაშვილი https://bit.ly/3qYPbkP